რასაც ახლა ვუყურებთ, ნიანგის ცრემლებია. სააკაშვილი და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც ერთი ოჯახის წევრები არიან და ოჯახში ხან იჩხუბებენ, ხან შერიგდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმ განაცხადა.
მისი თქმით, შეფასებებიდან, რომლებსაც სააკაშვილი ამ ორგანიზაციების მიმართ აკეთებს, ბევრი რაღაც სიმართლეს შეესაბამება, როცა მათ გრანტიჭამიები უწოდა.
„ყველა მათი ქმედება სწორედ რადიკალიზმის და მეხუთე კოლონის მხარდაჭერის ეგიდით არის ცნობილი. სააკაშვილი სიაში შეიყვანეს თუ არა, ამით ბევრი არაფერია ნათქვამი. შეფასებებიდან, რომლებსაც სააკაშვილი ამ ორგანიზაციების მიმართ აკეთებს, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც სიმართლეს შეესაბამება, როცა მათ გრანტიჭამიები უწოდა. ამით არაფერი იცვლება, რადგან სააკაშვილი, მეხუთე კოლონით და თავისი აგენტურული ოპოზიციით, ერთი სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საკუთარი სამშობლოს მიმართ არანაირი პოზიტიური დამოკიდებულება არ გააჩნია. დღეს იჩხუბეს, ხვალ შერიგდებიან და ამით აგენტურული ხაზი არ შეიცვლება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 22 ივლისს სოციალურ ქსელში დაწერა: „სრულიად სამარცხვინოდ, „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ“.
23 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოსწყდა ხალხს და ამიტომ ნულოვანი მოჭიდება აქვთ ხალხში. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არასამთავრობოთა შევიწროების და აკრძალვის, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ მთლიანობაში საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო“.
