მხოლოდ ვალდებულებები როცა გაქვს და არავითარი უფლებები, ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. დავსვათ კითხვა, ასეთ პრინციპებზეა შექმნილი ევროკავშირი თუ თანასწორუფლებიანობაზე?, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს სცილდება.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შეიძლება მარტივი კითხვა დავუსვათ, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტის განულება, როდესაც გვეუბნებიან, რომ კავშირში მიიღებენ ახალ წევრებს, მაგრამ მათ ექნებათ მხოლოდ ვალდებულებები და სიტყვის ამოღების შესაძლებლობაც კი არ ექნებათ? – ამ მარტივ კითხვას უპასუხონ და შემდეგ გადავიდნენ თავიანთ ბელეტრისტიკაზე. რა თქმა უნდა, როდესაც მხოლოდ ვალდებულებები გაქვს და არავითარი უფლებები, ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. დავსვათ კითხვა – ასეთი ევროკავშირი შეიქმნა და ასეთ პრინციპებზე არის ეს ორგანიზაცია შექმნილი, თუ პირიქით, თანასწორუფლებიანობაზე, რომ პატარა ქვეყნებს დიდი ქვეყნების, დიდი ეკონომიკის, დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებთან თანაბარუფლებიანად შეძლებოდათ საუბარი? წესით, ამ ყველაფრისთვის უნდა იყოს ევროკავშირი შექმნილი, რომელიც ისევ და ისევ ყოველი ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას არიან“, – განაცხადა გორდულაძემ.
