ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვაჟა-ფშაველას ეს ლექსი შესულია ერთ—ერთ გამოცემაში, თუმცა არა ყველაში. საბჭოთა ცენზურას კლასიკოსების გამოცემაზეც საკმაოდ ედო თავისი ტორი. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წინამდებარე ლექსი რეაქტუალიზაციის მიზნით გამოაქვეყნეს თავიანთ თვითგამოცემაში “ოქროს საწმისი,” 1975 წელს. ფშაველი მისნის და ოქროპირის ამ ტექსტში ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს. იცვლება კონკრეტული ისტორიული კონტექსტები, აქტორები თავისთავად, იცვლება ტირადები და ლოზუნგები, თუმცა ავადმყოფობა და ეგომანიაკური მიდგომები კვლავ რჩება. ნაძირალათა და სულგაყიდულთა შიზოიდური კლასტერი არც “ევროპულია”, არც “ამერიკულია”, არც “აზიურია” და არც “აფრიკული”. მას სამშობლო და მხარე არა აქვს.
***
შენ, ეი ძმობილო, თმა-გრძელო,
ტვინ-თხელო, წვერებ-ცანცარა.
ჭკუაზე მოსვლის მაგივრად
გადაირიე თანთანა.
ჰმიეთ-ჰმოეთობ, სჯახირობ,
ამბობ რაც არი, რაც არა,
ჰმეგობრობ ალი-მუსიას,
ნამწყრალევად ხარ ძმასთანა.
სამშობლოს ზურგი აქციე,
რადგან კუდი გაქვს სხვაგანა.
აჩუქებ საქართველოსა,
თუ ვინმემ დაგიკაკანა,
ძმობა-ერთობას დაგპირდა
და ღვინით პირი დაგბანა.
დედას მანდილი მოჰხადე,
ცოლს გაუყიდე კაბები,
ღვიძლ-შვილებს სიმშილით ჰხოცავ,
გარეთ გაჰზიდე ტაბლები.
მსმენელთა სმენა ვალდების,
ისეთი შეჰქმენ ამბები.
აბლაბუდასებრ გააბი
ცილის და ჭორის ძაფები.
საქვეყნო დარდად გაჰხადე
შენ საკუთარი დარდები.
სენისგან ქვეყნის მკურნალო,
თვით როდის გაგვისაღდები?
ფილოსოფოსის სახე გაქვს
და დონკიხოტის კანჭები.
გიწყვია ჯიბე-უბეში
ევროპიული აზრები,
უმ-უმი, უღეჭ-უცოხნი,
მაღალი სორტის ფრაზები,
პროლეტარობის დოგმები
და საქანქარო გაზები!
ვაი ჩვენს ხოდაბუნებსა,
ვაი საბრალო ვაზები!
სადუნიაოდ გაჰხადე
მამათა დანათესია,
მთა-ბარი სისხლით მორწყული;
იმიტომ გითხარ ლექსია.
გაიგე, მოდი ჭკვაზედა,
შეიგნე, არ ხარ მესსია!
იმიტომ საქართველოში
თანთან გიხმება ფესვია.
რომ მოხდებოდა ეს ასე,
ადრევე დაგიკვესია.
უტიფრობაში ჩამიგდე,
ეხლა ჰზიხარ და ჰკვნესია.
ხანდახან, ვგონებ, ამბობდე:
“რად მომივიდა ესია?”
ეგ დღე მოელის, ბუნების
ვინაც არ იცის წესია:
ვის გინახიათ, მითხარით,
მთაში მოსული ნესვია?!
ვაჟა, 1909 წ. იგი 1915 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა”



