საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმსესტუმრა. გივი მიქანაძემ სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საგანმანათლებლო პროგრამებისა და ლიცეუმის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ლიცეუმის დირექტორისგან, ილქერერკმენისგან მიიღო.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
ლიცეუმის მთავარი მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება მწვანე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლებელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა: განახლებად ენერგეტიკას (მზის, ქარისა და სხვა ენერგიის წყაროებს); ელექტრო და ელექტრონულ სისტემებს; ავტომატიზაციასა და რობოტიკას; ხელოვნურ ინტელექტსა და პროგრამირებას; ენერგოეფექტურობასა და ეკოლოგიურად მდგრად ტექნოლოგიებს.
ლიცეუმი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებითა და პრაქტიკული სწავლების სივრცეებით, სადაც მოსწავლეები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. სასწავლებელი თანამშრომლობს როგორც თურქეთის ინდუსტრიულ კომპანიებთან, ისე უნივერსიტეტებთან, რაც მოსწავლეებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს.
მინისტრთან ერთად, ლიცეუმში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია.
