საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის – ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის – გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. შედეგად ბრალდებული მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა სხვის კუთვნილ დიდი ოდენობით, 11 300 ლარს.
აღნიშნული ქმედებისთვის დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
