დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის, ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს ცვლილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა.
„მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილება, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა და ცვლილება აუცილებლად იქნება სათანადო ვადებში განხორციელებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
