უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას აშშ-თან აქვს შეთანხმება „პეტრიოტის“ სისტემისთვის რაკეტების ყოველთვიურად მიწოდების შესახებ, მაგრამ მათი რაოდენობა არასაკმარისია უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ ზუსტად არ დააკონკრეტა, შეთანხმების მიხედვით, რამდენ რაკეტას აწვდის ვაშინგტონი კიევს ყოველთვიურად.
„რა გზებით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? პირველ რიგში, ვის აქვს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები? მწარმოებელს, ანუ აშშ-ს. შეუძლიათ თუ არა მათ დახმარება? ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ყოველთვიურად გამოგვიყოფენ თუ არა რაკეტებს? დიახ, შეთანხმება გვაქვს. საკმარისია თუ არა ეს რაკეტები 2026 წელს? მე უკვე ვისაუბრე ამაზე. 2026 წელს ამ რაკეტების რაოდენობა ნაკლები იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენკის თქმით, ევროპის ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის წარმოების გაზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. მისივე თქმით, უკრაინას წარმოების გასაორმაგებლად დამატებითი დაფინანსება სჭირდება.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას თავდაცვისთვის დიდი რაოდენობით ფინანსური რესურსი სჭირდება.
„უკრაინას უჭირს. თავდაცვისა და საბრძოლო ტექნიკისთვის ჩვენ მიერ წარმოებული აღჭურვილობა უკრაინაში უფრო იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამიტომ ჩვენ ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ თითოეული კაპიკისთვის. უკრაინას არ აქვს და არც ექნება ისეთი ფული, როგორსაც რუსეთი ომში ხარჯავს. ჩვენ გვაქვს ის, რაც გვჭირდება, ევროპული დახმარების და სხვა ქვეყნების დახმარების წყალობით, თუმცა მხოლოდ უკრაინული წარმოებისთვის დამატებითი თანხები ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
