ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის ომის პერიოდში ტყვეთა გაცვლის პროცესს იხსენებს და აცხადებს, რომ გია ბარამიძეს ყოველდღიურ ჰუმანიტარულ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.
მისი თქმით, ბარამიძის ჩართულობა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო, რის გამოც მას რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილი განცხადება აქვს გაკეთებული.
„მე ვიყავი მთელი ომის განმავლობაში სოხუმში. მე გახლდით სწორედ კოორდინატორი, უხეშად რომ ვთქვათ, თუმცა ხელმძღვანელად ვითვლებოდი იმ სამუშაო ჯგუფისა, კომისიისა, რომელიც მუშაობდა ყოველდღიურად ტყვეთა გაცვლაზე, მოლაპარაკებებზე, დევნილების გამოყვანაზე, გადმოსვენებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე.
გია ბარამიძე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ანუ, ის ყოველდღიურ საქმიანობაში არ მონაწილეობდა. შევთანხმდებოდით გაცვლაზე, გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩამოდიოდა ჩვენთან და ესწრებოდა გაცვლებს. ანუ, მისი ჩართულობა იყო უფრო ფორმალური, ვიდრე რეალური. ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან,” – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა – ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.
