ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? – მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ, – განუცხადა სატელეფონო საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს რუსოფობიასთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკის პასუხად.
კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დამოკიდებულებას მედიაარქივი ასახავს. მასალებით კარგად ჩანს, რომ მათთვის 2012 წლამდე ყველაფერი რუსული მისაღები იყო. მათ შორის არის ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც თავის ერთ-ერთ გადაცემაში რუსი მომღერალი, ლუბა უსპენსკაია ჰყავდა მიწვეული.
„ერთადერთ პრობლემას შეგიძლიათ გაუსვათ ხაზი, რომ რუსული სიმღერები შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს გოიმური და ვიღაცისთვის – არა. მაგალითად, ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? – მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ“, – უთხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა „იმედის“ ჟურნალისტს.
„ქრონიკის“ ჟურნალისტი ასევე დაუკავშირდა „სუხიშვილების“ დირექტორსა და გენერალურ პროდიუსერს, ნინო სუხიშვილს.
„ჩვენ კონცერტი სანქტ-პეტერბურგში დანიშნული გვქონდა, რომელზეც უარი ვთქვით“, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.
მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ კონცერტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო 2014 წელს გააუქმეს, თუმცა მანამდე გამართეს, ნინო სუხიშვილმა განაცხადა, რომ არ ახსოვს რომელი წელი იყო.
„პროვოკაციული შეკითხვები რაში გჭირდებათ. ძალიან დიდი ბოდიში, მე თქვენთან ლაპარაკი არ მსურს“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
მომღერალმა ნინო ქათამაძემ კი, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტელეკომპანია „იმედიდან“ უკავშირდებოდნენ, ტელეფონი გათიშა.
