აშშ-ის ძალებმა დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს პანამის დროშით მცურავ გემს, რომელიც ირანის პორტების ამერიკული საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა გემის მიმართულებით ცეცხლი სამხედრო ვერტმფრენიდან გახსნეს მას შემდეგ, რაც ხომალდის ეკიპაჟმა აშშ-ის წარმომადგენლების გაფრთხილებები არ გაითვალისწინა. ამერიკელი სამხედროები ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის აღსრულებაში მონაწილეობენ.
ინციდენტის შედეგად შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ გემი, სავარაუდოდ, ეკიპაჟის სხვა სამოქალაქო გემზე გადაყვანას ცდილობდა.
მანამდე საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Vanguard-მა განაცხადა, რომ პანამის დროშით მცურავ კონტეინერმზიდ Vela Nova-ს ვერტმფრენიდან ნასროლი რაკეტა მოხვდა. ინციდენტი ომანის ყურეში, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას, პაკისტანის სანაპიროდან დაახლოებით 71 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა.
„რაკეტა გემს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი ჩაქრობა მოგვიანებით მოხერხდა“, – განაცხადა Vanguard-მა ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, გემზე მყოფი ეკიპაჟის 17-ვე წევრი დადასტურებულად ცოცხალი იყო.
