პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთი ადამიანების მიზანს საქართველოში ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება წარმოადგენს.
„ეს ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ძირითადად ტურისტებთან მიდიან. ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის აშკარად ამ ადამიანების მიზანი. მათ ვერ ჩამოაქციეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მაშინ, როდესაც ამას ითხოვდნენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რა თქმა უნდა ერებს შორის ურთიერთობა არის აბსოლუტურად ცალკე მოცემულობა და მასში ეს ქსენოფობიური განწყობები არ უნდა გადაიზარდოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
