თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს ირანთან მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ერდოღანმა კოლეგას სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერაც შესთავაზა.
„ერდოღანმა აღნიშნა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ფონზე დიპლომატიის ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავ დაუჭერს მხარს სამშვიდობო ძალისხმევას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერდოღანმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის თურქეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებზე, ღაზის სექტორში ომსა და თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის მიერ გაფორმებულ თავდაცვის შეთანხმებაზე.
