მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ „შაჰედის“ ტიპის დრონმა დაარღვია.
უწყების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი 03:16 საათზე აღმოაჩინეს და მისი გადაადგილება ექვსი წუთის განმავლობაში აკონტროლეს.
მათივე ცნობით, დრონმა უკრაინის ტერიტორიიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში, გაგაუზიის მიმართულებით, სოფელ ეტულიასთან ახლოს შეაღწია, 03:22 საათზე კი უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დატოვა და უკრაინის მიმართულებით განაგრძო მოძრაობა.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების შემდეგ დაფიქსირდა.
ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო სამხედრო ავიაცია აამოქმედა პოლონეთმაც. პოლონეთის სამხედრო უწყების განცხადებით, მიღებული ზომები პრევენციული ხასიათის იყო და მათი მიზანი ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვაა.
