პორტუგალიის პრეზიდენტმა, ანტონიუ ხოსე სეგურუმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საჯარო სივრცეებში სახის დაფარვას კრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
„სახე ადამიანის იდენტობისა და კომუნიკაციის ცენტრალურ ელემენტად უნდა განიხილებოდეს“, – ნათქვამია სეგურუს გავრცელებულ განცხადებაში.
კანონი, რომელსაც ადგილობრივი მედია „ბურქის კანონს“ უწოდებს, პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა. მას მხარი მმართველმა მემარჯვენე კოალიციამ და ულტრამემარჯვენე პარტიებმა დაუჭირეს, ხოლო მემარცხენე პარტიები წინააღმდეგ წავიდნენ.
კანონი კრძალავს საჯარო სივრცეში ისეთი ტანსაცმლის ტარებას, რომელიც სახის დაფარვას ან პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობას იწვევს. ასევე, აკრძალულია პირის იძულება, დაფაროს სახე სქესთან, რელიგიასთან, ასაკთან ან წარმომავლობასთან დაკავშირებული მიზეზებით.
პორტუგალიაში კანონის დამრღვევები 150-დან 3000 ევრომდე დაჯარიმდებიან. გამონაკლისი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პროფესიულ საქმიანობასთან, ხელოვნებასთან ან ამინდის პირობებთან დაკავშირებული შემთხვევები, ასევე რელიგიური დაწესებულებები, დიპლომატიური მისიები და საჰაერო ხომალდები.
