ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა, თურქეთისა და მისი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ მწვავე განცხადება გაავრცელა. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ისრაელის მიერ სირიაში განხორციელებული დარტყმისა და თურქეთის მიერ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დღეს დაპატიმრების ორდერის გაცემის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა.
ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
“ერდოღანი ახლა ცდილობს, ისრაელის წინააღმდეგ თავისი აგრესია სირიაშიც გაავრცელოს. ისრაელი ამას არ შეეგუება,” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
ეს ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების მორიგი ეპიზოდია. მანამდე ისრაელმა დაადასტურა, რომ სირიაში სამხედრო ავიაბაზაზე იერიში მიიტანა, რადგან არსებობდა შეშფოთება, რომ თურქეთი იქ საკუთარი სამხედრო ძალების განთავსებას გეგმავდა.
ნეთანიაჰუს ოფისმა ასევე გაიმეორა ერდოღანის მიმართ ისრაელის ხელისუფლების მიერ ადრე გამოთქმული ბრალდებები და თურქეთის პრეზიდენტს “ანტისემიტიდიქტატორი” უწოდა.
განცხადებაში ერდოღანს ასევე ადანაშაულებენ ქურთების მასობრივ მკვლელობაში, “ჰამასის” წევრების შეფარებაში, კვიპროსის ნახევრის ოკუპაციაში და მის წინააღმდეგ მოქმედი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაპატიმრებაში.
