კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები პარასკევს, ბოლო მომენტში ჩაიშალა, რის გამოც ჩრდილოეთ ამერიკაში სავაჭრო ომის განახლების საფრთხე გაჩნდა. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შედეგად, კანადიდან აშშ-ში იმპორტირებულ დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 50%-იანი ტარიფები ამოქმედდება. კარნის თქმით, კანადა საპასუხოდ აშშ-ის ტარიფებს “დოლარიდან დოლარამდე” გაუთანაბრებს, რათა საკუთარი მუშა ხელი და ბიზნესი დაიცვას.
მანამდე ორივე მხარე აცხადებდა, რომ შეთანხმების მიღწევის იმედი არსებობდა. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონის შეთავაზება ითვალისწინებდა ტარიფების მნიშვნელოვან შემცირებას ფოლადზე, ალუმინზე, ავტომობილებსა და ხე-ტყეზე, ასევე ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას.
კარნიმ კი განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ბოლო მომენტში შეცვლილი პირობები უსამართლო და ეკონომიკურად მიუღებელი იყო და შეთანხმების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
