სირიამ და ისრაელმა იორდანიაში, აშშ-ის შუამავლობით, მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართეს, რომელთა მიზანი სირიის ტერიტორიაზე ისრაელის ბოლო დარტყმების შემდეგ დაძაბულობის შემცირება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ისრაელის დარტყმების, დაკავებებისა და მიზანმიმართული ოპერაციების შეჩერების პრაქტიკულ მექანიზმებზე იყო ფოკუსირებული.
მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება, რამაც, მედიის წყაროს ცნობით, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს მომავალში უფრო ფართო შეთანხმებას.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასაად ალ შაიბანიმ მანამდე, „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დამასკო ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების მალე განახლებას ელოდება, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ნდობის ნაკლებობა არსებობს.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ირანთან ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა, ხოლო სირიამ ისრაელთან კონტაქტი სრულად შეწყვიტა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ისრაელმა სირიის აბუ ალ დუჰურის ავიაბაზაზე დარტყმები განახორციელა.
