გამოცემა Euractiv-ი წერს, რომ, ევროპის ქვეყნების ლიდერების სოლიდარობის მიუხედავად, უკრაინას მათგან რეალური მხარდაჭერა სჭირდება. მათივე ცნობით, ორშაბათს, კიევის სოფიას მოედანზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე რვა ევროპელი ლიდერი შეიკრიბა და მათი ყოფნა პოლიტიკურ სიგნალს აგზავნიდა და მცხოვრებლებს ფსიქოლოგიურ სტიმულს აძლევდა.
თუმცა, გამოცემის ცნობით, რუსეთი, როგორც ჩანს, ერიდება სტუმრად მყოფ ლიდერებზე თავდასხმას, მაგრამ როდესაც ლიდერები კიევის ცენტრში იმყოფებოდნენ, მოსკოვი უკრაინის სხვა ნაწილებში ახორციელებდა იერიშებს.
Euractiv-ი წერს, რომ, ზელენსკის თქმით, უკრაინას, უკვე მიღებული ევროკავშირის დაფინანსების გარდა, 23,5 მილიარდი ევროს დეფიციტი შეექმნა და ბრიუსელს მოუწოდა, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის შემდეგი ტრანში გადაერიცხა. ამავდროულად, ევროკომისიამ ორშაბათს კიევს 6,1 მილიარდი ევრო გადასცა.
„უკრაინის დაფინანსების საჭიროებების ზრდასთან ერთად, ყურადღება კვლავ ევროპაში შენახული დაახლოებით 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული სუვერენული აქტივებისკენ გადაიტანეს, რომელთა უმეტესობა ბელგიაში დაფუძნებულ Euroclear-შია განთავსებული. ზოგიერთმა ქვეყანამ ეს საკითხი ორშაბათს მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე წამოჭრა“, – წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, ბელგია კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება. გასულ კვირას, კიევში ვიზიტის დროს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა, არ შეიძლება, მარტო დარჩეს რუსეთისთვის დავალიანების გადახდის რისკის აღებისას, თუ მოსკოვი წარმატებით გაასაჩივრებს ამ ნაბიჯს სასამართლოში.
