სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მან მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა; რომ თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა.
„ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა.
აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.
რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.
