გერმანელი სამართალდამცველები საბოტაჟის მორიგ ფაქტს იძიებენ. ქალაქების გიორლიცისა და ბაუცენის მიმდებარედ განთავსებულ ელექტროგადამცემ ქვესადგურებთან ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს, იუწყება გამოცემა Bild-ი.
BILD-ის ინფორმაციით, ქვესადგურები ბრანდენბურგის საზღვართან, ლაუსიცის ღია კარიერების ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ რეგიონში კომპანია LEAG-ი ლიგნიტს მოიპოვებს, რომელსაც შემდეგ იანშვალდესა და ბოქსბერგის ელექტროსადგურებში ელექტროენერგიის საწარმოებლად იყენებენ.
პოლიციის წარმომადგენელმა ანია ლოიშნერმა ფაქტი დაადასტურა: „მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება. ოპერატიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ“, – აღნიშნა მან.
პოლიციის სწრაფი რეაგირების დანაყოფების თანამშრომლები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს ამოწმებენ, რათა შესაძლო კვალსა და სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებს მიაკვლიონ, წერს გამოცემა.
მანამდე, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, ქალაქ ბრანდენბურგში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. იმავე დღეს დივერსიული თავდასხმა განხორციელდა კიოლნთან მდებარე ბერგჰაიმის ქვესადგურზე.
BILD-ის ინფორმაციით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მცხოვრებმა მამაკაცმა აიღო. 49 წლის ვინმე დანიელ ვ.-მ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის აცხადებს, რომ გერმანიის რამდენიმე ადგილას მოკლე ჩართვების გამოწვევაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა, თუმცა ეჭვმიტანილის დაკავება ვერ მოხერხდა. ის მიმალვაში იმყოფება.
