გვარამიას მთავარი ამოცანა იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოეშორებინა, ეჩვენებინა, ისინი უპერსპექტივოები არიან და ფინანსური დახმარება ჩვენზე მომართეთო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების მიზეზი უცხოეთიდან შემოსული თანხების გაყოფაა.
„მელიასაც ჩვენ ვუთხარით, რამდენი სააკაშვილის საკანს ჩაუვლი, აგინეო? – მაშინ ყოვლისშემძლე ვყოფილვართ, თუ გვარამიაც ჩვენია, მელიაც. თავი დაგვანებონ, ერთმანეთი დაუჭამიათ.
ერთმანეთის ჭამის მოტივი რა არის? – საქართველოში ფული ფარულად ისე ვეღარ შემოდის, როგორც შემოდიოდა. გამჭვირვალობის კანონმა უზრუნველყო, რომ ეს გზები დიდწილად გადაიკეტა. შემოსულ ფულს ვეღარ იყოფენ, რადგან რესურსი ცოტაა და თავიანთ პატრონებს აჩვენებენ, რომ მთავარი ოპოზიციონერი მე ვარ, ფული მე მომეცითო. როგორ უყვართ ერთმანეთი, ვხედავთ, ციხიდან აქეთ აგინებენ ერთმანეთს, აქედან – იქით. გვარამიას მთავარი ამოცანა იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოეშორებინა, ეჩვენებინა, ისინი უპერსპექტივო ხალხი არიან და ფინანსური დახმარება ჩვენზე მომართეთო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
