ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე პროკურატურამ ახალი ბრალდება დღეს წარუდგინა.
პროკურატურის მოთხოვნა, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა. საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების შემდეგ გაფორმდა – ჯუანშერ ბურჭულაძეს 3-წლიანი პატიმრობა, 2 წელი პირობითი მსჯავრი და 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო, ხოლო ვასილ მხეიძეს 1 წელი და 2 თვე პატიმრობა, 3 წელი პირობითი მსჯავრი და 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ადვოკატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აღნიშნულ საკითხზე ბურჭულაძეს წინასწარი საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთანაც ჰქონოდა.
„გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუსტად იმ პირობებით, რაც ოქმში იყო აღნიშნული, დამტკიცდა სასამართლოს მიერ. რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის შესაძლოა, გარკვეული დიალოგი არსებობდა აღნიშნულთან დაკავშირებით”, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
პროკურორმა კი მედიასთან აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლითაც სასჯელები შეთანხმების შესაბამისად განისაზღვრა.
„ამის საფუძველი გახდა მათი მხრიდან თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს თანამშრომლობის გათვალისწინებით, გაუფორმდათ უშუალოდ ქრთამის აღებასა და მასში დახმარებაზე საპროცესო შეთანხმება შეღავათიანი პირობებით”, – განაცხადა პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა.
