სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩავიდა. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ის მონაწილეობას მიიღებს „კარპატების ინტეგრაციის ინიციატივის“ შეხვედრაში.
„ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კარპატების გაფართოებული რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ურთიერთდაკავშირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ მომავალშიც უზრუნველვყოთ სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი მოქალაქეებისა და სერბეთისთვის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, სერბეთს სატრანსპორტო კავშირების მიმართულებით ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სატრანსპორტო კავშირების სფეროში, განსაკუთრებით რუმინეთთან და უნგრეთთან, ასევე უკრაინასა და პოლონეთთან, ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია, დაწყებული სარკინიგზო ხაზებითა და საავტომობილო გზებით, დამთავრებული უფრო ღია საზღვრებითა და სოფლის მეურნეობის, ისევე როგორც სხვა სფეროებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობით“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მიმდინარე ღონისძიებაზე რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუსორ დანის ჩასვლასაც ელოდებიან. რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სამიტის ფარგლებში არაერთი თანმხლები ღონისძიება გაიმართება, მათ შორის კარპატების ეკონომიკური ფორუმი, ახალგაზრდული ფორუმი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები, ასევე შეხვედრები კულტურული თანამშრომლობისა და ბუნების დაცვის საკითხებზე.
უკრაინული მედიის ცნობით, ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ქვეყნების წარმომადგენლების გაერთიანებას, რომელთა ტერიტორიაზეც კარპატების მთები ვრცელდება: ავსტრიის, ჩეხეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და უკრაინის, ასევე სხვა მონაწილეების, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონულ თანამშრომლობაში.
ასევე უკრაინაში ვიზიტი დააანონსა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ის მათ შორის გეგმავს შეხვედრას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილონ.
