მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქტივისტი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მასიური შესვლის საკითხს.
მისივე თქმით, სანამ ოპოზიცია „ყბედობს“, ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ამ პერიოდში ვნახეთ მცდელობა, მათ შორის რუსოფობიის გაღვივებისა. გაგახსენებთ რა კამპანია იყო – კედლებზე წარწერების კამპანია გახსოვთ, რომ შემოსულები არიან დივერსანტი ჯგუფები, მონიშვნებია კედლებზე, თუ სად უნდა დაარტყას რუსეთმა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ხელოვანი კედლებზე კატებს ხატავდა.
გახსოვთ კამპანია, რომ ყველა დივერსანტია და ამის შედეგი – ჭავჭავაძეზე საქართველოში წლების განმავლობაში მცხოვრებ რუს ადამიანს ქვები ესროლა მეორე ადამიანს. ასეთი ზიზღი გააღვივეს; გახსოვთ გემს რომ დახვდნენ ბათუმში და ლარსიდან რომ შემოდის ტურისტი მანქანით, იქ კანკალი არ ეწყებათ და გემით რომ შემოვიდა ტურისტი ამაზე დაეწყოთ კანკალი.
მანამ სანამ ოპოზიცია ყბედობით არის დაკავებული, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და არცერთი რისკის რეალიზება არ მომხდარა. რადგან არის უსაფრთხოების კონტროლი ყველგან. ვიზაც არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას, ასე რომ მესაზღვრის ბეჭედი ვიზის დატვირთვის მატარებელია.
მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქტივისტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
