საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge – ახალი სუპერმარკეტების ქსელები – “სუფთა სახლი” და “ევრო პროდუქტი” დაემატა. ამასთან, პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს.
www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასები ერთ სივრცეში შეადარონ და მათთვის სასურველი პროდუქციის შეძენისას ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: “აგროჰაბი”, “ამბარი”, “კარფური”, “დეილი”, “გუდვილი”, “გვირილა”, “კალათა”, “ლიბრე”, “მაგნიტი”, “ნიკორა”, “ორი ნაბიჯი”, “სპარი”, “უნივერსამი” და “ზღაპარი”.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისა და 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასები შეადარონ.
დანაზოგის დათვლის ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში, პროდუქციის ფასების შედარების საფუძველზე, პოტენციური დანაზოგი გამოთვალოს.
www.ekalata.gov.ge-ს მიზანია მომხმარებლისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის შეთავაზებების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ოპერატიულად ახლდება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge-ს განვითარებას აქტიურად განაგრძობს. სამომავლოდ პლატფორმაზე არაერთი ახალი ფუნქციონალისა და სერვისის დამატებაა დაგეგმილი. მათ შორის, მზადების ბოლო ეტაპზეა www.ekalata.gov.ge-ს მობილური აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მოწყობილობებისთვის.
