ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება, ეს არის განცხადება, რომელიც უდიდესი კითხვის ნიშნის დასმას ცდილობს იმ სამშვიდობო პოლიტიკასთან, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთი მთავარი ხაზია. როგორც ჩანს აგენტურამ მიიღო ახალი დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ნებისმიერი პერსპექტივა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული სამშვიდობო გზით ნდობის აღდგენის და საბოლოო ჯამში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
