დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ, სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა რამდენიმე შეგახსენოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაჭავარიანმა, გახარიას ერთ-ერთი ინტერვიუს აუდიოჩანაწერის მაგალითზე აღნიშნა, რომ, სხვადასხვა დროს, მისი გადადგომის ბევრი ვერსია მოისმინა საზოგადოებამ, თუმცა, ბოლოს წამოსცდა, რომ ელჩებთან გაიარა კონსულტაცია. შესაბამისად, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ გახარია გარე ძალების დავალებით გადადგა, რათა მმართველი პარტიისთვის დაწესებული ბარიერის გადალახვაში ხელი შეეშალა.
მისივე თქმით, გარე პატრონებს სურდათ ,,კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან” გახარიას პარტიის გამიჯვნა, თუმცა, მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის კანონის და ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის წინააღმდეგ წასვლა, რომ აგენტურული რესურსის ლუსტრაციას თავადვე შეუწყვეს ხელი.
,,ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვათა შორის, საგამოძიებო კომისიაზე კიდევ სულ ახალი ვერსიები გააჟღერა ბატონმა გიორგი გახარიამ. [გახარიამ] ჯერ თქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ერეოდაო ჩემს საქმეებშიო და ეგ იყო ჩემი გადადგომის მიზეზიო, რომელიც საერთოდ აცდენილი არის ამ კოლაჟს, სადაც კიდევ სამი ოთხი სხვადასხვა ვერსია გააჟღერა. და ბოლოს მას წამოცდა, რომ ელჩებს შევხვდიო და კონსულტაცია გავიარე მათთანო.
რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით და იგი გადადგა იმიტომ, რომ ,,ქართულ ოცნებას” ჰქონდა დაწესებული 53-პროცენტიანი გაუგებარი ბარიერი და მას ხელი უნდა შეეშალა ამ ბარიერის გადალახვაში. სწორედ მაშინ შემობრუნდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მისი არასაჯარო მესიჯი იყო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი გახლდათ, რომ ჩვენი ხმები წაეღო და ხელი შეეშალა ბარიერის გადალახვაში. თუმცა არაფერი გამოუვიდა.
ამის შემდეგ შეგახსენეთ მეგობრებო, თქვენ შექმენით კოალიციები ,,ნაციონალურ მოძრაობასთან”, პირდაპირი პარტნიორობა და იმდენად აშკარა იყო თქვენი კოლექტიური ,,ნაცობა”, რომ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს რაღაცნაირად კონფიგურაციის გადალაგება და ვითომ კონსტრუქციულად თქვენი პოზიციონირება. თუმცა რამდენიმე საკითხი იყო უცხოელი პატრონებისთვის იმდენად ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი, სადაც მთელი აგენტურული რესურსის მობილიზება დასჭირდა და თავადვე გამოიწვიეს თქვენი ლუსტრაცია. ერთი – ეს იყო გამჭვირვალობის ქართული კანონი, დღესაც არ გრცხვენიათ თუ დღესაც ამბობთ, რომ რუსული არის ის კანონი? დღესაც ამბობთ, რომ რუსულია? მე მინდა, რომ თქვენ მდგომარეობაში შემოვიდეთ, თუმცა ძალიან გამიჭირდება, თუ თქვენ დღესაც ამბობთ, რომ ეს კანონი იყო რუსული. რომ ამბობდით, რომ ემიგრანტები ფულს ვერ ჩაურიცხავენო, თავისი ოჯახის წევრებსო, ორი წელი გავიდა, ხომ ურიცხავენ? რომ ამბობდით, რომ ოპოზიციური პარტიები აიკრძალება ამ კანონითო, ორი წელი გავიდა, ხომ არ აკრძალულა? NGO ორგანიზაციები გაუქმდებაო და რომ ამბობდით, რომ როგორ შეიძლება ეჭვქვეშ დაგვყენებინა USAID-იდან გადმორიცხული ფული? – ბატონი ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამხილა, რომ კრიმინალური ორგანიზაცია ყოფილა USAID და აფინანსებდა რევოლუციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ღმერთმა არ ქნას, რომ თქვენ მდგომარეობაში აღვნიშნე, მაგრამ ძალიან შემცხვებოდა დღეს მაინც, თუ კიდევ ამბობთ, რომ ეს კანონი იყო რუსული.
ლგბტ პროპაგანდა რომ აუკრძალეთ საქართველოში, რატომ გაიპარეთ, რაღაცა ბოიკოტი რომ მოიფიქრეთ? – იმიტომ, რომ თქვენი გარე პატრონებისთვის ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი თემა, რომ მსოფლიოს დააჯერონ, რომ თურმე ორ სქესზე მეტი არსებობს. შემდეგ “აპრავებდით”, რომ პაკეტისთვის არ გვინდოდა მხარის დაჭერაო და კანონებს ამ პაკეტში ცალ-ცალკე ვუყარეთ ჩვენ კენჭი. იმ კანონს რატომ არ დაუჭირეთ მხარი, რომელსაც ეთანხმებოდით, იმიტომ, რომ თქვენ ლგბტ პროპაგანდის გვერდში მოგიწიათ დგომა. შეიძლება თქვენ არ ეთანხმებოდეთ ამ პროპაგანდას, უბრალოდ თქვენმა პატრონებმა დაგავალეს და სხვა გზა ფიზიკურად არ გქონდათ. პოლიტიკურადაც იცოდით, რომ წამგებიანი იქნებოდა თქვენთვის ლგბტ პროპაგანდის გვერდში დგომა, მაგრამ, მოგიწიათ ლგბტ პროპაგანდის გვერდში დადგომა,” – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა ჩავარდა, გარე პატრონების მითითებით, გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა, ვინაიდან, ქუჩაში უშედეგო ქმედებების შემდეგ, საბოტაჟი უკვე საკანონმდებლო უწყებაში მოეწყოთ.
,,რაც შეეხება ამ გადალაგების პროცესს, რომელიც შემდეგ გაგრძელდა და უფრო რომ გაემიჯნეთ მოქალაქეების თვალში თქვენ და პარტია „ლელო“, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან, 2025 წელს დაგავალეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება თქვენ და „ლელოს“ და სხვათა შორის, ძალიან დამეგობრდნენ ბატონი გახარია და ბატონი ხაზარაძე. არ გახსოვთ, ბატონი გახარია „თაღლითს“ ეძახდა ბატონ ხაზარაძეს? ფაქტის კონსტატაციაა ყველაფერი, მე რასაც მაგალითებად ვიშველიებ, ხომ? „თაღლითს“ ეძახდა და როგორ დამეგობრდა თაღლითთან? – იმიტომ, რომ დაავალეს. გარე პატრონებმა დაავალეს და მოუწიათ, ხომ? ამის შემდეგ, 4 ოქტომბერმა რომ ჩაიარა, რომ ხედავდით, რომ რევოლუცია ვერ მოხდებოდა და თქვენი პატრონები რომ აანალიზებდნენ, რომ შეუძლებელი იყო რევოლუცია, ვინაიდან სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას თავისი ინსტიტუტებით, თქვენ დაგავალეს, რომ შემობრძანებულიყავით პარლამენტში. 4 ოქტომბრის მერე, ჩვენს საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რევოლუცია ჩავარდა, მორიგი მცდელობა. თქვენს გარე პატრონებს, რა თქმა უნდა, სურდათ, რომ ეს საბოტაჟირების პროცესი უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელებულიყო, ვინაიდან ქუჩაში ვერაფერი მოახერხეთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაშიფრა ეს ყველაფერი. ამისი დასტური რა არის, იცით? 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ თბილისის საკრებულოში ერთი წევრიც ვერ შეიყვანეთ. იმიტომ, რომ საზოგადოებამ პასუხი გაგცათ. თქვენ გაგიმესამედდათ მომხრეების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით, ვინაიდან თავიდან ბოლომდე გაშიფრულები ხართ. თქვენი ამომრჩევლის, – ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ძალიან მცირე ნაწილი – ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით,” – განაცხადა მაჭავარიანმა.
