აშშ-ის მთავრობამ ირანისთვის იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვაში დახმარების გამო 13 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სანქცირებულთა შორის არიან რუსეთში, ჩინეთში, ჰონკონგსა და პაკისტანში მოქმედი პირები და კომპანიები.
აშშ-ის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ გამოცხადებული სანქციები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც ირანის ეკონომიკური იზოლაცია და მისთვის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების იძულებაა, წერს Reuters-ი.
აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი ირანის რეჟიმის მხარდაჭერას არ შეეგუება.
„ხაზინის დეპარტამენტი არ დაუშვებს რეჟიმის მხარდაჭერას და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, მხილებასა და იზოლირებას, რომლებიც ირანს დახმარებას უწევენ“, – განაცხადა ბესენტმა.
ხაზინის დეპარტამენტის განმარტებით, სანქციების მიზანია, შეამციროს თეირანის შესაძლებლობა აღადგინოს იარაღის წარმოების პროგრამები და გაზარდოს იმ პირებისა და კომპანიების ხარჯები, რომლებიც ირანს იარაღის შესყიდვაში ეხმარებიან.
Reuters-ის ინფორმაციით, დასანქცირებულთა რიგებში არიან სეიედ ასგარ ალიზადე ტაბატაბაი – ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც პეკინში საქმიანობს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ის ირანის სახელით ჩინეთში მზა შეიარაღების სისტემებისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების შესყიდვას კოორდინაციას უწევდა.
აშშ-მა აგრეთვე დაასანქცირა Kavoshcom Asia R and D Group-ი. ეს არის ირანში დაფუძნებული კომპანია, რომელიც, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ირანის საავიაციო ინდუსტრიის საწარმოებისთვის ელექტრონულ კომპონენტებს ყიდულობდა.
ამერიკამ აგრეთვე სანქციები შემოიღო რუსული საავიაციო მწარმოებელი კომპანიის, A.S. Yakovlev-ის სახელობის ექსპერიმენტული საკონსტრუქტორო ბიუროს წინააღმდეგ.
სანქცირებულთა შორის აღმოჩნდა აგრეთვე MG-Flot LLC – რუსული სანაოსნო კომპანია, რომლის გემებიც იარაღის გადაზიდვით არიან დაკავებულნი.
აშშ-მა აგრეთვე დაასანქცირა ირანულ ავიაკომპანია Saha Airlines, რომელიც ისლამური რესპუბლიკის საჰაერო ძალებთან არის დაკავშირებული.
