იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პრაღაში, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი ბაბიშთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იტალიასა და აშშ-ს შორის ძლიერი ურთიერთობები ევროპის ინტერესებშია.
„შემიძლია, ვისაუბრო იტალიის სახელით, თუმცა ეს, ზოგადად, მთელ ევროპასაც ეხება – როდესაც ერთიანები ვართ, ყველანი უფრო ძლიერები ვართ, ხოლო, როდესაც დაყოფილები, უფრო სუსტები. ამიტომ იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძლიერი ურთიერთობები მიმდინარე მოვლენების გამო ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს და არ უნდა შეირყეს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, მე მაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ ამ ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ფუნდამენტურად როგორც იტალიის, ისე ევროპის ინტერესებშია“, – განაცხადა მელონიმ.
ამასთან, მელონიმ პრესკონფერენციაზე მიგრაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ერთად მუშაობაა.
„მიგრაციის პრობლემას ვერც წარსულში მოვაგვარებდით და ვერც ახლა მოვაგვარებთ, თუ ვიფიქრებთ, რომ რომელიმე წევრ სახელმწიფოს შეუძლია პასუხისმგებლობა მეზობელ ქვეყანას გადააბაროს. ეს საკითხის მოგვარების სწორი გზა არ არის. ერთადერთი გამოსავალია, ყველამ ერთად ვიმუშაოთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, ჩვენი ტერიტორიის გარეთ და ვეცადოთ, პრობლემა იქამდე ავიცილოთ თავიდან, ვიდრე ის ჩვენს ტერიტორიამდე მოაღწევს, რადგან ამის შემდეგ მისი მოგვარება გაცილებით რთული ხდება“, – აღნიშნა მელონიმ.
