აეროპორტები რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენია სატრანსპორტო სისტემის, შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს აეროპორტების განვითარებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მთავრობა გეგმავს, რომ 2032 წლისთვის 7 მილიარდი დოლარი მოაბილიზოს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.
მან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა აეროპორტმა მომავალში შეძლოს 5 მილიონი მგზავრის მომსახურება.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის, რადგან რეგიონში დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. 31 მიმართულება გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. წინა წელს დაახლოებით მილიონ რვაასი ათას მგზავრს მოვემსახურეთ და წელსაც შენარჩუნდა ეს ტენდენცია და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ. მთავრობის ხედვა და გეგმა ძალიან მკაფიოა ამ აეროპორტთან მიმართებით. მიმდინარეობს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც მოგვცემს საშუალებას აეროპორტმა მიიღოს დიდი ზომის ბორტები. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, მნიშვნელოვანია განვითარდეს აეროპორტის ტერმინალიც და შესაბამისად შევძლოთ ღირსეულად მოვემსახუროთ მომხმარებელს. ვაახლებთ ქუთაისის აეროპორტის გენგეგმას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ დღეს თუ ვემსახურებით 2.5 მილიონ მგზავრს, მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონს“, – განაცხადა იოსელიანმა.
