დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნჰემის თქმით, მთავრობას მიაჩნია, რომ ირანმა გარკვეული როლი ითამაშა სამეფო საჰაერო ძალების RAF Fairford-ის ავიაბაზის ინციდენტში, რომლის შედეგადაც ხუთი მამაკაცი დააკავეს, შემდეგ კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“არსებობს ძლიერი მინიშნებები იმისა, რომ ირანმა მონაწილეობა მიიღო გასულ შაბათ-კვირას სამეფო საჰაერო ძალების RAF Fairford-ის ავიაბაზაზე მომხდარ მოვლენებში”, – განუცხადა მან BBC-ს.
მედიის ინფორმაციით, მას დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.
განცხადებას უპასუხა ირანმა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ლიდერმა არასწორი სამიზნე აირჩია.
“შემიძლია დავადასტურო ირანის პოზიცია: უცხო სახელმწიფოებისთვის მომუშავე სავარაუდო ტერორისტების გათავისუფლება თავისთავად ყველაფერს ამბობს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
კითხვაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს ეჭვმიტანილები გირაოთი – გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღიად გააკრიტიკა – ბერნჰემმა ხაზგასმით უპასუხა, რომ მათ წინააღმდეგ “გირაოთი გათავისუფლების ყველაზე მკაცრი ზომები გამოიყენეს”.
ორშაბათს თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა: “მე ასე ვიტყვი: ნუ გაუშვებთ მათ გირაოთი. გაკვირვებული ვარ, რომ გაათავისუფლეს. მე ამას არ გავაკეთებდი”.
ამასთან, ბერნჰემმა განმარტა, რომ ხელისუფლება სიტუაციას მკაცრად აკონტროლებს.
“ხალხმა უნდა გაიგოს, რომ როდესაც ამბობენ, რომ ადამიანი გათავისუფლდა, ეს არ ნიშნავს იმას, რასაც ისინი ფიქრობენ. ბუნებრივია, ეს ხდება გირაოს მაქსიმალური სიმკაცრის პირობით. ხელისუფლება სიტუაციას მკაცრად აკონტროლებს – ამაში გარწმუნებთ”, – განაცხადა ბერნჰემმა.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების უკან, რომლის სამიზნეც აშშ-ის სამხედროების მიერ გამოყენებული ბრიტანული სამხედრო ბაზა იყო, “უცხოელი ძალა” ფიგურირებს.
