აზერბაიჯანელმა სამხედრომ პოზიციები დატოვა, სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და მშვიდობიან მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხური მედიის თანახმად, ინციდენტი სიუნიქის რეგიონში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
აზერბაიჯანელი სამხედრო დაკავავებულია.
სომხური მედიის თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს აცნობა, რომ ერთ-ერთი აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურემ გაურკვეველ ვითარებაში დატოვა სამსახურებრივი ადგილი. ამის შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩაატარეს შესაბამისი სამძებრო ოპერაციები.
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 112 ოპერატიულ ცენტრში 1 ოქტომბერს, 14:15 საათზე შევიდა შეტყობინება სიუნიქის რეგიონის სოფელ შაკიში სომხეთის მოქალაქისთვის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შესახებ. დადასტურდა, რომ დანაშაული აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურემ ჩაიდინა, რომელიც დააკავეს.
ინციდენტის დეტალები აზერბაიჯანულ მხარესაც მიეწოდა.
სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტმა ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
