ესპანეთში საბინაო კრიზისის გამო საპროტესტო აქციები გრძელდება. ბარსელონაში დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 13 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი, ამასთან, დაშავდა 28 პოლიციელი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის ნიღბიანმა მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები, ქვები, სამშენებლო მასალები და სხვა მძიმე საგნები დაუშინეს, კონტეინერებს კი ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ბარსელონას საფონდო ბირჟისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა.
მონაწილეთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. პოლიციის ცნობით, აქციაზე 20 000 ადამიანი იყო, ორგანიზატორები კი 120 000-ს ასახელებენ.
ამასთან, როგორც მედია წერს, ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირები CC OO და UGT გაიფიცებიან, თუმცა გაფიცვის დაწყების თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.
ცნობისთვის, მოქალაქეები ბინის ქირის საფასურის ზრდას აპროტესტებენ და გამქირავებლებისთვის რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პარლამენტში ოპოზიციამ მთავრობის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. ცვლილებები 2030 წლამდე დამქირავებლების გამოსახლებასა და ქირის გაზრდის აკრძალვას, ასევე ქირავნობის ხელშეკრულებების ავტომატურ განახლებას ითვალისწინებდა.
