საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თითქოსდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის და შესაბამისი მოგების მიღების მიზნით, მოქალაქეებს განსაზღვრული ვადით თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ყოველთვიური სარგებლის გადახდას და საბოლოოდ, ძირითადი თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდა. ბრალდებულმა არ შეასრულა შეთანხმება, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე, თანხის დაბრუნების ნაწილში და დაზარალებულების კუთვნილ 90 500 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
