საფრანგეთში, რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. აქტივისტები კლასებში სკოლის მოსწავლეთა გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებულია 1 800-ზე მეტ სკოლაში.
საფრანგეთის საშუალო სკოლის მოსწავლეთა კავშირი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში მომიტინგეების რაოდენობამ ახალ რეკორდს მიაღწია.
ფრანგული მედიის ცნობით, დღეს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე დემონსტრანტი გამართავს აქციას.
პარიზში დემონსტრაციას მართავს ასობით სტუდენტი. მედიის ცნობით, პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა გზების გასაწმენდად წიწაკის სპრეი გამოიყენეს. პოლიციელებმა ასევე დაიწყეს გადაბრუნებული ურნებისა და ნაგვისგან ქუჩების გაწმენდა, რომლებიც მომიტინგეებმა გზის გადასაკეტად გამოიყენეს.
მედია ასევე წერს, რომ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა სტრასბურგშიც. „ბიბისის“ ცნობით, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ლილში მოსწავლეებმა და აქტივისტებმა დემონსტრაცია ფენელონის ლიცეუმის წინ გამართეს.
„ბიბისი“ წერს, რომ რამდენიმე აქტივისტმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა. მეხანძრეებმა ცეცხლი რამდენიმე წუთში ჩააქრეს. გამოცემა წერს, რომ ლილის საავადმყოფოში 15 წლის ბიჭს მკურნალობენ – მან ქალაქ ლანსში გამართული საპროტესტო აქციის დროს ხელი დაკარგა. ხელისუფლების ცნობით, ბიჭმა ელექტროყუმბარა აიღო, რომელიც მალევე აფეთქდა.
