აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ჯილდოს გადასცემენ.
ტრამპის თქმით, ნორვეგიის ნობელის კომიტეტი 2026 წლის ლაურეატს პარასკევს გამოაცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ძალისხმევის შედეგად „მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა”, რის გამოც ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.
„ბოლოს ეს ჯილდო ახალგაზრდა ქალს გადასცეს, ის შესანიშნავი ადამიანი იყო. მან თქვა, რომ ჯილდოს თავად არ იმსახურებდა და მე ვიმსახურებდი. შემდეგ კი ეს ჯილდო მე გადმომცა. მე ვუთხარი: „ვაუ, რა დიდი პატივია“. მე რვა ომი დავასრულე. კიდევ ერთი წინ არის. ყველა მძევალი დავაბრუნე. ისეთი რამეები გავაკეთე, რაც აქამდე სხვას არავის გაუკეთებია. არ ვტრაბახობ, უბრალოდ ფაქტებს გეუბნებით. ალბათ არცერთ პრეზიდენტს არ მოუგვარებია ომები. მე რვა ომი მოვაგვარე და ეს დიდი ომები იყო, ძალიან დიდი. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე. როდესაც მარია კორინა მაჩადომ ეს ნობელის პრემია გადმომცა, მან თქვა: „მან არა მხოლოდ წელს უნდა მიიღოს ეს ჯილდო, არამედ ნობელის პრემიის ისტორიაში არ ყოფილა ადამიანი, რომელიც მას ამაზე მეტად იმსახურებდა“. მე ეს გავაკეთე – რვა ომი დავასრულე და შესაძლოა, მსოფლიოს სრული განადგურებაც კი შევაჩერე, რადგან ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. ეს დადებითი რამ არის. ძალიან დადებითი რამ. სხვა პრეზიდენტებს ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ. ან ეს ვინმეს უნდა გაეკეთებინა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მათ აქვთ რეპუტაცია, რომ შესაძლოა, ჩემნაირ ადამიანებს ეს ჯილდო არ გადასცენ. მაგრამ მივიღებ თუ არა მას, მე გაცილებით მეტი გავაკეთე“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, ბარაკ ობამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ობამამ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პრეზიდენტობის დასაწყისში მიიღო და თავადაც არ იცის, რატომ გადასცეს ეს ჯილდო.
„ობამას შეხედეთ. მან მიიღო და არაფერი გაუკეთებია. დღემდე არ იცის, რისთვის მიიღო. ის აირჩიეს და თითქმის მაშინვე, თავიდანვე მისცეს ჯილდო და მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რატომ მიიღო ის“, – განაცხადა ტრამპმა.
