საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის კარგი მონაცემები, წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა პირველი 8 თვის მონაცემებით, არის 7,6%, რაც არის შარშანდელ მაჩვენებელზე უფრო მაღალიც.
„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, ზოგადად, შენელდა ეკონომიკური ზრდა და ამ პირობებში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს. ეს ყველაფერი არის ზუსტად ასეთი რეფორმების შედეგი. დღეს რკინიგზაზე ვისაუბრე, რამდენიმე დღის წინ ქალბატონი ვიცე-პრემიერის წარდგენისას მქონდა საუბარი ზოგადად ეკონომიკის სფეროში გასული წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ზუსტად ასეთი ცვლილებები იწვევს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, არამედ კიდევ უფრო მეტად გაზრდასაც ვახერხებთ. ბუნებრივია, საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები“, – განაცხადა პრემიერმა.
