საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა. პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლუკა ეხვაიამ გახსნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიას პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს, შემადგენლობაში კი მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები შედიან.
საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი, ან საინჟინრო მეცნიერებების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომის, ან ნაშრომთა ციკლისთვის.
პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ლაურეატები, რომელთა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერებისა და მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან ეკონომიკურ განვითარებაში, მიიღებენ შესაბამის დიპლომს, სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს.
საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
