აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ახალ პრესმდივანს, ქეთი ზახარიას ურჩია, “გადახედოს“ თავის პოზიციას და დაფიქრდეს, სურს თუ არა ამ თანამდებობაზე დარჩენა. ტრამპის თქმით, მედია ახალ პრესმდივანს “ძალიან ცუდად“ ეპყრობა, რის გამოც იგი მზადაა, ზახარიას თავად მისცეს არჩევანის გაკეთების უფლება.
სამშაბათს, ქეთი ზახარიას სადებიუტო ბრიფინგის შემდეგ, დონალდ ტრამპი მის გამოსვლას დადებითად აფასებდა და აცხადებდა, რომ მან “ძალიან კარგად“ იასპარეზა. თუმცა, სულ რაღაც სამი დღის შემდეგ პოზიცია მკვეთრად შეცვალა.
“ვკითხე: ქეთი, არის ეს შენი საქმე? რადგან, პატიოსნად რომ ვთქვა, შენ ეს არ გჭირდება. არ ხარ ვალდებული, ასე ცუდად გეპყრობოდნენ’“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს საპრეზიდენტო ვერტმფრენ Marine One-თან და დასძინა, რომ ზახარია “ძალიან კარგი ადამიანია“.
პრეზიდენტის თქმით, იგი საშუალებას მისცემს პრესმდივანს, თავად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა დასძინა: “შენს ადგილას, გადავხედავდი ამ გადაწყვეტილებას“.
ქეთი ზახარიას პირველი ოფიციალური ბრიფინგი 15 წუთზე ნაკლებს გაგრძელდა, სადაც მან ჟურნალისტების მხოლოდ სამ შეკითხვას უპასუხა. დამკვირვებლების შეფასებით, იგი აშკარად ნერვიულობდა და მომზადებული არ ჩანდა.
ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ეჭვქვეშ დადგა მისი იურიდიული კვალიფიკაცია. ტრამპმა იგი საზოგადოებას წარუდგინა, როგორც “ადვოკატი“, თუმცა გაირკვა, რომ სამართლის სკოლის დასრულების მიუხედავად, მას აშშ-ში საადვოკატო გამოცდა არასდროს ჩაუბარებია. გარდა ამისა, კითხვები გაჩნდა ჩინურ იურიდიულ ფირმაში მისი საქმიანობის პერიოდზეც, რამაც კრიტიკა კონსერვატიული მედიასაშუალებების მხრიდანაც კი გამოიწვია.
ზახარიამ ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში საკუთარი კვალიფიკაციის დაცვა სცადა და აღნიშნა, რომ მას “საკმაოდ უხეშად“ მოექცნენ. ამაზე ტრამპმა იხუმრა: “კეთილი იყოს შენი მობრძანება ტრამპის სამყაროში“.
42 წლის ქეთი ზახარია დონალდ ტრამპის ორ ადმინისტრაციაში რიგით მეექვსე პრესმდივანია. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიტიკურ კომენტატორად კონსერვატიულ არხებზე Newsmax და Fox News, ასევე იყო ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) პრესსპიკერი და ტრამპის სოციალური პლატფორმის, Truth Social-ის კომუნიკაციების მრჩეველი.
