საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ახალგაზრდები საპროტესტო აქციებს მართავენ. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მარსელში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, პარიზში მემარჯვენე ტელეარხ CNews-ის ოფისთან აქციის მონაწილეებმა შესასვლელი გადაკეტეს, ხოლო რენში დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით სცადეს.
მარსელში დემონსტრანტებმა პრადოს ბულვარი მცირე ხნით ნაგვის ურნებითა და სკუტერებით გადაკეტეს. მოგვიანებით სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი ქუჩებიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით განდევნა.
„აქ განათლებისთვის გამოყოფილი სამარცხვინოდ მცირე რესურსებისა და პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად ვართ“, – განაცხადა ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა.
პოლიციის ცნობით, დასავლეთ პარიზში მდებარე შენობის ავტოსადგომის შესასვლელი ნიღბიანმა პირებმა გადაკეტეს. იმავე შენობაში რადიოსადგურ Europe 1-ის ოფისიც არის განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა საგანი ისროლეს და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრიეს.
ბრეტანის რეგიონში მდებარე ქალაქ რენში დემონსტრანტთა ჯგუფმა ცეცხლმოკიდებული ბარიკადების მოწყობით მოძრაობის შეფერხება სცადა. ამის შესახებ რეგიონულმა პოლიციის პრეფექტურამ სოციალურ ქსელში დაწერა. ადგილზე სამართალდამცველები გაგზავნეს.
საპროტესტო აქცია იმართება საფრანგეთის ქალაქ ლიონშიც. პოლიციამ ათეულობით ახალგაზრდა დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დემონსტრანტების დაკავების კადრები.
