24 და 25 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი – „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართული ტრადიციული ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ საინფორმაციო სემინარები.
„ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ცომეულის მრავალფეროვნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ცნობილი თუ მივიწყებული კერძები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონებიდან მოწვეული შეფმზარეულები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე საინფორმაციო სემინარები ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აღნიშნული ფესტივალი დედაქალაქში პირველად ტარდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მომდევნო წლებშიც გაიმართება. ყველას გელოდებით ორბელიანის მოედანზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, ფესტივალზე ყურადღება დაეთმობა თანამედროვე გასტრონომიასაც, რომლის ფარგლებში შეფმზარეულები ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ინტერპრეტაციით წარმოადგენენ.
