შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“ და „ამფეტამინი“. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
