აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრი ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო და პანელური დისკუსიის ფარგლებში მოხსენებით წარსდგა.
„კულტურა ყოველთვის გვახსენებს იმას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ხმას გაერთიანდეს საკუთარი ხასიათის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის გარეშე“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.
