საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს შესახებ ანგარიშზე, რომელსაც ევროკომისია წარადგენს. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ანგარიშის მოსამზადებლად ევროკავშირს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა უცნობია, როგორ იქნება აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული და ასახული დოკუმენტში.
„შემიძლია, მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი წლის ფაქტებზე დაფუძნებით გავაკეთო წინასწარი შეფასება მოლოდინთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, რთულია შეფასებების გაკეთება, ვიდრე ანგარიში არ გამოქვეყნდება. ზოგადად, როგორც წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის დიალოგის პროცესი, თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გაკეთდეს ობიექტური შეფასებები. დიალოგის გარეშე რთული იქნება შეფასებებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაციები ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის მხრიდან დიალოგის არარსებობა, როგორც ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ დონეზე, სწორი ანალიზის გაკეთებას შეუძლებელს ხდის.
„ერთი რამ, რაც კიდევ უნდა ითქვას, არის ის, რომ ეს ანგარიში ეფუძნება ერთგვარად ასოცირების დღის წესრიგს. ასოცირების დიალოგი არის შესაძლებლობა იმისა, რომ კარგად შეფასდეს ყველა პროცესი, რაც ქვეყანაში ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მიმდინარეობს და იმ პირობებში, როდესაც არცერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან, არც ტექნიკურ დონეზე, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკეთონ სწორი ანალიზი და სწორი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის მზად ევროკავშირი, ობიექტურად შეაფასოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და უზრუნველყოს ქვეყანასთან რეალურ ინფორმაციასა და დიალოგზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება.
„თუმცა, რამდენად არის ამის სურვილი, ეს კიდევ მეორე კითხვაა, რომელიც ჩვენ გვაქვს. არის თუ არა ევროკავშირი მზად იმისათვის, რომ ობიექტურად შეაფასოს ის პროგრესი, რაც აქვს ქვეყანას? შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური მიმართულებით შეფასება საერთოდ არ გაუკეთებია ევროკავშირს, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად იმისთვის, რომ დაინახოს პროგრესი, რა მიმართულებითაც ქვეყანა ვითარდება. ვნახოთ, დაველოდოთ ანგარიშს, როგორი იქნება და შემდგომ შეგვიძლია უკვე შევაფასოთ ის ტენდენციები, რაც არის ბრიუსელში საქართველოსთან მიმართებით და რამდენად არის მზაობა იმისათვის, რომ ჩვენ ურთიერთობაში იყოს რეალურ ინფორმაციაზე თუ რეალურ დიალოგზე დაყრდნობილი ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
