ამერიკელმა მილიარდერმა და კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა 5 ნოემბერს X-ზე კომენტარის გარეშე გააზიარა პოსტი, რომლის ავტორიც წერს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში უკრაინისთვის Starlink-ის ათასობით ტერმინალისა და უფასო მომსახურების მიწოდება შეცდომა იყო.
მასკმა პოსტი მას შემდეგ გააზიარა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში მისი გავლენა გააკრიტიკა.
“ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ხელში ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი. ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია სახიფათოა.” – თქვა ზელენსკიმ.
მასკის მიერ გაზიარებული პოსტის ავტორის თქმით, სისტემა, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდებას ემსახურებოდა, მოგვიანებით საბრძოლო დრონების მუშაობისთვის აუცილებელი გახდა.
ცნობისთვის, უკრაინა როგორც კომერციულ Starlink-ს, ისე მის სამხედრო ვერსიას, Starshield-ს, იყენებს. ოქტომბრის შუა რიცხვებში Starshield-ის ტერმინალებზე გადაადგილების სიჩქარის შეზღუდვამ უკრაინელ სამხედროებს რუსული რეაქტიული დრონების მოგერიება გაურთულა.
მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეზღუდვები მოიხსნა და ტერმინალები საათში 400 კილომეტრზე სწრაფად გადაადგილებისასაც Starlink-თან სტაბილურ კავშირს ინარჩუნებენ.
