ისრაელი საკმარისად მდიდარია, რათა იარაღი თავად შეიძინოს, ტრამპს სურს, სამხედრო დახმარება რაც შეიძლება მალე შეწყდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელი „საკმარისად აყვავებული და მდიდარია“, რათა ამერიკული იარაღი სამხედრო დახმარებაზე დამოკიდებულების გარეშე შეიძინოს.
„ამ საკითხს ურთიერთგაგების მემორანდუმზე მოლაპარაკების პროცესში განვიხილავთ. თუმცა, პრეზიდენტის მოლოდინი ასეთია: ისრაელი დღეს უკვე იმდენად აყვავებული და მდიდარი ქვეყანაა, რომ მას იარაღის შეძენა თავად შეუძლია. მათ შეუძლიათ, იარაღი ჩვენგან შეიძინონ, მაგრამ მისი დაფინანსება ჩვენ აღარ უნდა უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელს, სურვილის შემთხვევაში, სრულიად შეუძლია, წლის ბოლომდე უარი თქვას დახმარებაზე.
„სხვათა შორის, ისინი თავადაც აწარმოებენ შეიარაღებას, ამიტომ, ურთიერთგაგების მემორანდუმი შესაძლოა, გარკვეული სახის ერთობლივ წარმოებასაც ითვალისწინებდეს“, – განაცხადა რუბიომ.
