რუსეთთან მშვიდობა გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, პარალელურად, მოსკოვი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ რამდენად გულწრფელად არიან მზად უკრაინა და ევროპული ქვეყნები შეთანხმების მისაღწევად, – განაცხადა აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა.
კუშნერის თქმით, ევროპელი პარტნიორები ამერიკულ მხარეს ყველაზე ხშირად სწორედ იმას ეკითხებიან, რეალურად სურთ თუ არა რუსეთსა და მის ლიდერს მშვიდობა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთ სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან კონსულტაციის შემდეგ, ისინი შეჯერდნენ მოსაზრებაზე, რომ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად, მთავარია „სათანადო პირობები“ შეიქმნას.
„იმის მიხედვით, რაც სტივმა და მე მისგან [პუტინისგან] მოვისმინეთ, შეგვიძლია სრული დამაჯერებლობით ვთქვათ, რომ სათანადო პირობების შემთხვევაში გვჯერა ამის“, – ხაზგასმით აღნიშნა კუშნერმა.
ამასთანავე, მისი თქმით, რუსები ზუსტად იგივე კითხვას სვამენ უკრაინისა და ევროპული ქვეყნების მიმართ. მოსკოვსაც აინტერესებს, რეალურად არიან თუ არა ისინი მზად მშვიდობისთვის.
