აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ ეგვიპტის ქმედებებს იწონებს და პარიზში არსებული ქსელების სანქცირებას არ გამორიცხავს.
დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ, მისივე თხოვნით, ისლამისტური ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ შესაზღუდად მკაცრი ზომები მიიღო.
ბრიფინგზე ჟურნალისტმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებად ორგანიზაციის მხოლოდ რამდენიმე განშტოებაა გამოცხადებული და დაინტერესდა, გეგმავს თუ არა ადმინისტრაცია საერთო, ყოვლისმომცველი აკრძალვის შემოღებას და შეეხება თუ არა ეს პარიზში მოქმედ ქსელებსაც.
„ეგვიპტემ ძალიან კარგად იმუშავა, მათ მკაცრი ზომები მიიღეს. შესაძლოა, მეც გადავდგა შესაბამისი ნაბიჯები. ეგვიპტემ „მუსლიმთა საძმოს“ წინააღმდეგ ძალიან ხისტი ზომები სწორედ ჩემი თხოვნით გაატარა. რაც შეეხება პარიზს, პარიზი კიდევ ერთი ადგილია, რომელსაც ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჯერ არ ვიტყვი, მოხვდება თუ არა ის ამ სიაში, თუმცა ეს სავსებით შესაძლებელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1928 წელს ეგვიპტეში დაარსებულ „მუსლიმთა საძმოს“ კაირო 2013 წლიდან (პრეზიდენტ მოჰამედ მურსის ჩამოგდების შემდეგ) ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ეგვიპტემ ბოლო პერიოდში რეიდები და ფინანსური ქსელების ბლოკირება კიდევ უფრო გაამკაცრა. თავად ვაშინგტონმა ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანების საფუძველზე „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მხარდაჭერის გამო, ტერორისტულ სიაში უკვე შეიყვანა მოძრაობის ეგვიპტური, ლიბანური და იორდანიული განშტოებები. ვინაიდან ახლო აღმოსავლეთში დევნის გამო მოძრაობის ლიდერებისა და ფინანსური ნაკადების ნაწილმა ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში, ბელგიასა და ბრიტანეთში გადაინაცვლა, დღის წესრიგში დადგა ტოტალური აკრძალვის საკითხი, რაც სავარაუდოდ, ევროპულ ქსელებსაც შეეხება.
