აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონზე ირანის მხრიდან თავდასხმის უშუალო საფრთხე არ არსებობს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სადაზვერვო შეფასებებში საუბარია იმის შესაძლებლობაზე, რომ ირანი ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით თავდასხმას გეგმავდეს.
„არ ვღელავ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე უშუალო საფრთხე არსებობს“, – განაცხადა რუბიომ მანილაში, როდესაც მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა შეშფოთების საფუძველი ვაშინგტონზე მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, აშშ-ის მთავრობა მუდმივად აკვირდება ყველაფერს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას შეიძლება დაემუქროს.
მანამდე, სამშაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შესახებ ცნობებს. კითხვაზე, გეგმავდა თუ არა თეირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ამას ვიკვლევთ“.
შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა თავდასხმის უშუალო საფრთხე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „თუ ასეთი რამ მოხდება, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც არცერთ ქვეყანას გადაუხდია“.
CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით, მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, თეირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ შესაძლო აფეთქების გეგმებზე მუშაობდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ბრალდებები უარყო და მათ „უსაფუძვლო“ უწოდა.
ბინძური ბომბი ჩვეულებრივ ასაფეთქებელ მოწყობილობას წარმოადგენს, რომლის მიზანიც რადიოაქტიური მასალის გავრცელებაა. ბირთვული იარაღისგან განსხვავებით, ის ბირთვულ აფეთქებას არ იწვევს, თუმცა შეუძლია რადიოაქტიური დაბინძურების გავრცელება, მნიშვნელოვანი ზიანისა და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევა.
