თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნას აყენებდა.
„პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. პირდაპირ ამბობდნენ, რომ ამ პოლიტიკას, ამ განცხადებებს და დამოკიდებულებას გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო. გარდა ამისა, არსებობს არქივი, ჩანაწერები, რომ პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნიდან მოწოდებები კეთდებოდა მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ ომში. ეს ძალიან მძიმეა და დღეს, რა თქმა უნდა, არ სურთ მათ ამ ყველაფერთან ასოცირება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან მშვიდობის შენარჩუნებას და მშვიდობას რა მოაქვს. მშვიდობას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მოაქვს სტაბილურობა, წინსვლა და ყველაზე მთავარი – კეთილდღეობა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. აი, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
